„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს,“ - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივ მზადყოფნას ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისა. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს.
ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს.
ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა, გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიური განვითარება ყველა სფეროში”, - აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. „თბილისში თქვენი ვიზიტისას განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის.
ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი საუბარი დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში. მადლობა!,” - განაცხადა პრემიერმა.