2023 წლის იანვარ-ივნისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1,3 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით, 77,2%-ით მეტია.
ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ყაზახ გადამზიდავებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საქონლის ტრანსპორტირებისთვის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები და ხელსაყრელი პირობების შექმნა განიხილეს.
საბარია „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“), რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გადაწყვიტონ TITR-ის შემდგომი განვითარების საკითხები, საქონლის მიწოდების დროის შემცირება, მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმირების პროცესის გაუმჯობესება, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა, პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ა.შ.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის დამყარებული პირდაპირი კონტაქტები ტრანსპორტირების პროცესში წარმოშობილი საკითხების ეფექტიანად გადაჭრას შესაძლებელს გახდის.
ცნობისთვის, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
-
კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
-
სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში