ბათუმის აქციაზე უკრაინის მოქალაქის დაკავების საქმეში უკრაინის საელჩო ჩაერთო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საელჩო ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქის საქმეზე მუშაობს.

„საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობს უკრაინელი მოქალაქის საქმეზე, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პარალელურად დიპლომატები გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ,” - განაცხადა ნიკოლენკომ.

31 ივლისს რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციაზე 23 ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მას მცირე ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს.