ახალი ტურისტული მატარებელი ევროპასა და ჩინეთს კავკასიის გავლით დააკავშირებს - მედია

იტალიური კომპანია უნიკალური ტურისტული ტრანსკონტინენტური მატარებლის გაშვების შესაძლებლობას განიხილავს. პროექტი ტაშკენტში იტალიური Arsenale Group-ის მონაწილეობით განიხილეს.

კომპანია უზბეკეთს სთავაზობს არამხოლოდ ტურის ორგანიზებას ამ ქვეყნის უძველესი ქალაქების გარშემო, არამედ, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტის დაწყებასაც განიხილავს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო ბარლეტამ უზბეკეთს ევროპიდან ჩინეთში ტურისტული მატარებლის გაშვება შესთავაზა.

„ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან მსგავსი რამ რკინიგზის ისტორიაში არ მომხდარა,“ - აღნიშნა ბარლეტამ.

მედიის ცნობით, დაგეგმილია ჩქაროსნული ტურისტული მატარებლის ევროპიდან  ჩინეთში გაშვება კავკასიის, რუსეთისა და უზბეკეთის გავლით.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო მარშრუტი პორტუგალიასა და ლაოსს აკავშირებს, მოგზაურობა 13 ქვეყნის ტერიტორიაზე სამ კვირას გრძელდება. ტურისტებს 18,6 ათასი კმ-ის დასაძლევად რამდენიმე ტრანსფერი სჭირდებათ, ხოლო იტალიური პროექტი საშუალებას იძლევა, ხანგრძლივად ერთი მატარებლით იმოგზაურონ.