შოვში მეწყერის გამო, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოეს დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და „უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაო“.