გუბერნატორის მოადგილე: მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია - ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, რის გამოც წინ ვეღარ გადავადგილდებით

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.

მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან სტიქიამ ხიდი წაიღო.

„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია, დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს,“- განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.


რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.

როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „მთავართან.“