საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.“
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.