დაიწყო თუ არა გამოძიება, რამ გამოიწვია სტიქია, ჟურნალისტის ამ შეკითხვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უპასუხა.
„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია," - განაცხადა მღებრიშვილმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ.
მისი განმარტებით, ეს არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი. მეორე - 240-ე მუხლი (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რედ.)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ნებისმიერი ინციდენტის დროს იწყება გამოძიება, ეს არის სტანდარტული პროცედურა და ამაში ახალი არაფერია.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.