საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მე-15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/.ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე, როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
„საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - აღიარებას, ასევე მისი სამხედრო ძალების რეგიონში ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის შემდგომ საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავაც სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო, რომლის მომსწრეც თავად გახლდით 3 ივლისს, იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას.
რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, მოვალეა, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს აგრეთვე მოიცავს პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის.
„ევროპის საბჭო მტკიცედაა მოწოდებული ყოველმხრივი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესს. ამ კუთხით, არ დავიშურებთ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს - საქართველოს და დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგების გადაჭრაში და ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგსა და ადამიანის უფლებებს ნდობის აღდგენის ღონისძიებათა (CBMs) მეშვეობით. შემდგომი ჩართულობის საფუძვლად, განვაგრძობ ჩვენი 46 წევრი სახელმწიფოს რეგულარულად ინფორმირებას ჩემი კონსოლიდირებული მოხსენების მეშვეობით საქართველოში კონფლიქტის შესახებ.“