შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რომლის დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.
„ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება მოქალაქეებს დაეგზავნებათ,“ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეკომენდაციებსა ავრცელებს.
რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის:
• ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში
• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში
• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე
• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას
• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს
დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს.