პოლიციელებმა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს. ბარის ორი თანამშრომელი კი გამოკითხვაზე წაიყვანეს.
"საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მენეჯერი და სტაფი წაიყვანეს გამოსაკითხად უბრალოდ და გამოუშვებენ, 248-ე მუხლის მიხედვით. ის [ბარი] დალუქულია",. - განაცხადა ადგილზე მყოფმა შსს-ს თანამშრომელმა.
საქართველოს სისხლის სამართლის 248-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას.
ბარში პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებშიც მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება.
ზურაბ ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.ის აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.