ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელმა იმოძრაოს. ამის შესახებ APA-Economics-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, აზერ ფარაჯოვმა განაცხადა. მატარებელი შესაძლოა, კომპანია Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული სამგზავრო საძილე ვაგონებისგან აღიჭურვოს.
„ჩვენი ზომების პოსტპანდემიური პაკეტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ანკარა მარშრუტზე, შესაძლოა, ამოქმედდეს,“ – განაცხადა აზერ ჯაფაროვმა.
აზერბაიჯანული მედია 2020 წელსაც წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე სამგზავრო მატარებელი იმოძრავებდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კოროვირუსული შეზღუდვების გამო დაკეტილია. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. პანდემიამდე თბილისიდან ბაქომდე მატარებლით 12 საათში ჩასვლა იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან თურქეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მიმდინარეობს.
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, როდესაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი - ჯამში $775 მილიონი გამოუყო.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.