სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს მადლობის წერილს უგზავნის.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მის მსხვერპლთა გამო.
თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია.
შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა.
დიდი პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა,“ - ნათქვამია წერილში.
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.