შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს მეორე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.

„ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. ხელს გვიწყობს ვითარება. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე.

ყველა ზომა გვაქვს მიღებული. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში. მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ დროისთვის ვეძებთ 12 ადამიანს,“ - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.