წალენჯიხის მერიის ცნობით, მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შესაბამის ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება, ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს.


„აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.


საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება,” - ნათქვამია ინფორმაციაში.


განახლება:

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარე ტებენეს ხეობაში არსებული ვითარება შეისწავლეს და ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.­

გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ დასკვნა მზადდება.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის, საფრთხის დონე დაბალია.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში," - აღნიშნულია ინფორმაციაში.