10 აგვისტოს ღამით, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Telegram არხი Astra იტყობინება. თვითმხილველებმა ქალაქ დომოდედოვოში ორი აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა.
მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი ავტოსსერვისს გაუჩნდა. ხანძარმა 1000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
ომის მომხრე ბლოგერი ვლადისლავ პოზდნიაკოვი თავის Telegram არხზე წერს, რომ დომოდედოვოს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. მოგვიანებით, განაცხადა, რომ სხვა ვერსიით, ხანძრის მიზეზი გაზის ბალონების აფეთქება გახდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა.
რუსეთის თავდაცვის ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს.
30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა.
რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.