ისრაელის უმსხვილესი ჯანდაცვის პროვაიდერის განცხადებით, 600 000 ადამიანს შორის, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, შანსი იმისა, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებს დაავადების მძიმე ფორმები განუვითარდეთ 92%-ით ნაკლებია.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ორი, ერთი და იმავე ზომის ჯგუფი, რომლებსაც მსგავსი სამედიცინო ისტორია ჰქონდათ. ერთ ჯგუფს ვაქცინა არ მიუღია, მეორე კი ორივე დოზით იყო აცრილი.
„მონაცემები ცხადჰყოფს, რომ Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია მეორე დოზით აცრიდან ერთი კვირის შემდეგაც კი როგორც ეს კლინიკური ტესტირებისას დადგინდა”, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის და მეტის გასვლის შემდეგ.