სირიის ხელისუფლება დედაქალაქ დამასკოსთან ისრაელის სამხედრო ავიაციის აგრესიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სირიის სახელმწიფო მედია არ ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოიმოქმედეს ისრაელის საჰაერო ძალებმა.
როგორც სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დამასკოს მახლობლად სამიზნეების დაბომბვის მიზნით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები გოლანის მაღლობების თავზე დაფრინავდნენ.
სირიის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდო.
”ჩვენი საჰაერო თავდაცვა აგრძელებს ისრაელის სარაკეტო თავდასხმების მოგერიებას დედაქალაქის ცაზე”, - ნათქვამია სირიის არმიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავარი სამიზნე დამასკოდან 14 კილომეტრში მდებარე ქალაქ კისვაში განთავსებული საარმიო დანაყოფი გახდა. სწორედ ამ ზონაში შეინიშნებოდა ირანისგან მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფების კონცენტრაცია.
გასულ წელს, ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე 500-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.