შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ

„17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი,“ - განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიას შინდისში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ. ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.


დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეც.


„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.“

„ეს ბრძოლა იყო თავგანწირვის, ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.“


„იცით თქვენ, ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა, შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, და მათ ოჯახებს მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის.

იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა. ამ დროს სულ 17 კაცი, ერთი ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ესაა მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე კომენტარის დროს მან იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი გააკრიტიკა. მისი თქმით, „მაშინ, როცა ეს გმირი ბიჭები იბრძოდნენ თავდადებითა და თავგანწირვით, ამ დროს ქვეყნის სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.“


2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა.

მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.