ცნობილია, იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება.

მისი თქმით, სწორედ ნოემბერში დაწესებულმა ამ წერტილოვანმა შეზღუდვამ მისცა მთავრობას ეკონომიკური საქმიანობების გახსნის საშუალება.

„სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. იმიტომ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობაზე არ არის“, - განცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ჯერ კიდევ დახურული სფეროების გახსნაა, მაგალითად საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების გახსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა.

„ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს რაღაც უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, - აღნიშნა თურნავამ.