მწერალთა სახლის მომავალი ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია. დუმბაძის თქმით, „მწერალთა სახლი არის თავისუფალი ხელოვანების არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ყოველთვის მთავარი იყო მწერალი, მისი სიტყვა, მისი აზრი, მისი იდეები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე იქნება.“
ის აღნიშნავს, რომ მწერალთა სახლში მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა.
„მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე. ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება - მწერალი და მისი შემოქმედება. მე ვიცი, როგორც იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას. მე ეს მინახავს ჩემი თვალით და ამაში გავიზარდე,“ - აცხადებს დუმბაძე „იმედთან“ და აღნიშნავს, რომ შეხვდება ყველას, ვისაც მასთან შეხვედრასა და თანამშრომლობა სურს.
ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.
„რა თქმა უნდა, მადლობა შემოქმედებით ჯგუფს და ნატაშა ლომოურსაც ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა 12 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება. პირიქით, ყველა ის პროექტი უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და მეტი არაფერი, არავითარი პოლიტიკა,“ - აცხადებს დუმბაძე.