"ინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება", - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ისაუბრა.
ილია მეორის ამ განცხადებას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.
აღნიშნული განცხადებით, ილია მეორე მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და სინოდის მიერ, მისთვის გამოტანილი განჩინებას გამოეხმაურა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მეუფე პეტრე საკუთარი შვილივით გაზარდეს, თუმცა განსაცდელი მოხდა.
“თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს! აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა“. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ”, - ამბობს ილია მეორე.
2020 წელს მეუფე პეტრე (ცაავამ) პატრიარქი მამათმავლობის ცოდვაში დაადანაშაულა, რის გამოც სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიას ჩამოაშორა, მონასტერში წასვლის რეკომენდაცია და მონანიების ვადა მისცა. მეუფე პეტრემ მონასტერში წასვლაზე უარი განცხადა და პატრიაქრის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას დღემდე აგრძელებს. სინოდის 11 თებერვლის სხდომაზე გადაწყდა, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხზე მსჯელობისთვის, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მეუფე პეტრეს ქმედებებს განიხილავს.