სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ კლიმატის ცვლილებების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და კლიმატის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარში კლიმატის ცვლილებები და კლიმატის სფეროში პარიზის ხელშეკრულების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl.org-ი ავრცელებს.

ლავროვი და კერი შეთანხმდნენ, რომ არქტიკის საბჭოს ფარგლებში ისევ ითანამშრომლებენ, მათ შორის, კონტაქტების განვითარების გზით, „არქტიკის დღის წესრიგში კლიმატის საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ სიტყვებს სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.

წელს რუსეთი არქტიკის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ორი წლის ვადით გახდა.

ლავროვი მიესალმება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გეგმას, დაუბრუნდეს პარიზის შეთანხმებას - გლობალურ ხელშეკრულებას, რომელიც 200-მდე ქვეყანას ავალდებულებს ზომების გატარებას დათბობის წინააღმდეგ, რათა კლიმატის კატასტროფული ცვლილება თავიდან აიცილონ.

„ცნობისთვის, პარიზის ხელშეკრულებიდან აშშ, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოიყვანა. მან შეთანხმებას ამერიკისთვის „კატასტროფული“ უწოდა.

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გადადგა ნაბიჯები ამ ხელშეკრულებაში დასაბრუნებლად.