საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის. ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა. ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს..
ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან.
ლატვიური მხარე აღნიშნავს, რომ არალეგალური იმიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში ბელორუსი ოფიციალური პირების მზარდი ჩართულობა ფიქსირდება.
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა.
შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.
2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.