უკრაინაში 1153 ბავშვი დაკარგულად ითვლება

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ 16216 ბავშვია ნაპოვნი.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენის ოფისის პრესსამსახური იტყობინება.

„ბავშვების ძებნის სახელმწიფო პორტალის - „ომის ბავშვები“ მიხედვით, 2023 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში 1153 ბავშვი დაკარგულად ითვლება, ხოლო ნაპოვნია  - 16 216 ბავშვი.“

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით დეპორტაციაში არაერთხელ დაადანაშაულეს, რაც რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით დასტურდება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მაგალითად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე არსებობდა.