გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია დაგმო

გაეროში 5 აპრილს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით ქვეყნები და ევროკავშირი უპირობოდ გმობენ უკრაინიდან ბავშვების იძულებით, უკანონო დეპორტაციას და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, საკუთარი ქმედებები წარმოაჩინოს საერთაშორისო სამართლის და ბავშვთა უფლებების დაცვად, ფაქტები აშკარაა - რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა, დაკითხა და უკრაინიდან იძულებით წაიყვანა 19 500-ზე მეტი ბავშვი. მათი ნაწილი მშობლებს დააშორეს, ნაწილი კი, უკრაინის ბავშვთა სახლებიდან გაიტაცეს და რუსეთში გააშვილეს.

გაეროს წევრი ქვეყნები უკრაინის მოვლენების გამომძიებელი, დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაცია არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ომის დანაშაულს უტოლდება. განცხადების ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ სწორედ ამის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და მისი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რამდენი დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს რუსეთმა, შეუძლებელია სიმართლის უარყოფა და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის აცილება.

გაეროს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაგმო რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის პრივილეგიის ბოროტად გამოყენება ათასობით უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაციის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

რუსეთმა, რომელიც როტაციის წესით აპრილიდან გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, 5 აპრილს ჩაატარა არაფორმალური სხდომა, თემაზე „უკრაინის კრიზისი. კონფლიქტის ზონიდან ბავშვების ევაკუაცია“, რომელშიც ონლაინ მონაწილეობდა პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა.

ჰააგის სასამართლოს ლვოვა-ბელოვას და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო.