საერთაშორისო მედიაში განხილვის თემაა NATO-ს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, „უკრაინას შეუძლია, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, წევრობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.“
NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის თქმით, ეს შეიძლება, გამოსავალი იყოს არსებული სიტუაციიდან. ამ სიტყვებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა, კიევის მკაცრი რეაქცია და გაბრაზება მოჰყვა.
„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება, იყოს უკრაინის ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ, NATO-ს წევრობის მიღება“, - განუცხადა იენსენმა ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომისშემდგომი სტატუსის შესახებ დისკუსიები დიპლომატიურ წრეებში გრძელდება. უფრო კონკრეტულად, მედიაში 15 აგვისტოს გავრცელდა NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის სიტყვები, რომლითაც ის ასევე განმარტავდა, რომ უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, როდის და რა პირობებით სურს მოლაპარაკება რუსეთთან.
- „მე არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს შესაძლო გამოსავალი,“ განმარტა იენსენმა. ალიანსის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა განმარტება, შესაბამისად, უცნობია მეტი დეტალი, თუ რას გულისხმობდა იენსენი. თუმცა ამ საკითხზე NATO-ს პოზიციები არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ყველა ქვეყანა საკუთარ მომავალს თავად ირჩევს.
კამათის გამომწვევ შეფასებასთან დაკავშირებით, კომენტარები კეთდება საქართველოშიც. „საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ, ალტერნატივა ჰქონდეს,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ 16 აგვისტოს მედიასთან საუბრისას.
„ამიტომ ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ზუსტად სირთულე, თუმცა გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებების გაკეთება, თუ ჩავთვლით ამას შემოთავაზებად, არის კატეგორიულად მიუღებელი,“ – განაგრძო სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხსენებული მიდგომა მიუღებელია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ NATO-ში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
„ტერიტორიის გაცვლა NATO-ს ქოლგაზე? უცნაურია,“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი NATO-ს მაღალჩინოსნის განცხადებას.
„ეს ნიშნავს რომ, მიზანმიმართულად წავიდეთ დემოკრატიის დაკარგვაზე, გლობალური კრიმინალის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სავალდებულო გადაცემაზე სხვა თაობებისთვის,“ – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ განიცადა გამანადგურებელი მარცხი, ომი აუცილებლად დაბრუნდება და გაგრძელდება.
განახლება: NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეცდომა უწოდა.
განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს ეხებოდა.“
„მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა,“ – განაცხადა სტიან იენსენმა.