ტყიბულში კომპანიის ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ Europetime-ს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირში განუცხადეს.
შახტაში 33 საათით ჩაკეტვის და გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ, მეშახტეები კომპანიასთან რამდენიმე დღიან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომელიც დღეს დასრულდა.
როგორც Europetime-ს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, შეთანხმების თანახმად ჩამოყალიბდება კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ ვისი ბრალეულობით ვერ შესრულდა ქვანახშირის მოპოვების გეგმა. სწორედ ამის მიხედვით დაითვლიან ახლიდან, მეშახტეთა იანვრის ხელფასების რაოდენობას.
„კომისიაში კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, 6 მეშახტეც იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთობლივი კომისია, რომელიც დაადგენს იანვარში კომპანიის მენეჯმენტის მიზეზით, თუ მეშახტეთა გამო ვერ მოხერხდა ქვანახშირის გეგმის მიხედვით მოპოვება. მეშახტეთა ხელფასები მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობაზეა მიბმული და ამის მიხედვით ანგარიშდება. გარკვეული პრობლემების გამო მეშახტეებმა ბოლო დროს იმაზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვება შეძლეს, ვიდრე სხვა დროს და კომპანიამ იანვარში 50-60 პროცენტით ნაკლები ხელფასი დაუანგარიშა. მუშები კი აცხადებენ, რომ იგივე დატვირთვით მუშაობდნენ და მოპოვებული ქვანახშირის სიმცირე კომპანიის მენეჯმენტის ბრალია და არა მათი. სწორედ ამ საკითხს შეისწავლის კომისია და მათი ხელფასები ახლიდან დაანგარიშდება", - განუცხადა Europetme-ს თამაზ დოლაბერიძემ.
11 თებერვალს ტყიბულში N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით გაფიცვა შეწყვიტეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლეს.