ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელორუსის ტერიტორიაზე: ლატვიის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. შესაბამისი პოსტი ლატვიის პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა.

„მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: ჰიბრიდული ომის პირობებში დასჯის პოლიტიკა, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელორუსის ტერიტორიაზე.“

მანამდე რინკევიჩსი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ბელორუსის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. 

რინკევიჩსის თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია.

„ვინც, არალეგალურ მიგრაციას უწყობს ხელს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი, დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.