ავღანეთში „თალიბანმა“ შარიათის კანონის დარღვევის მიტივით, ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. შესაბამის ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
გადაწყვეტილების შესახებ ავღანეთის ფაქტობრივმა მმართველებმა ხელისუფლებაში დაბრუნების ორი წლისთავის აღნიშვნის მომდევნო დღეს გამოაცხადეს.
„თალიბანის“ მთავრობის იუსტიციის მინისტრმა აბდულ ხასიმ ისხაკზაიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგებიან და ხალხის ინტერესებს არ ემსახურებიან.
„გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა,“ - აცხადებს მინისტრი.
მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა.