საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავზე ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში აქციის გამართვას გეგმავს

25 თებერვალს ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცახდა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, დღეს, როცა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება მოახერხეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით გავაპროტესტოთ.

100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაცია", - აღნიშნა მელიამ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თარიღი სიმბოლურად დაამთხვიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ 1921 წელს.

„რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, მსვლელობის შემდეგ გაიმართება რამდენიმე აქცია რეგიონებში და 31 მარტს კი - ცენტრალური აქცია თბილისში.