გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ყაზბეგში ღვარცოფის ადგილას დამცავი ღონისძიებების გატარების რეკომენდაცია გასცა

გარემოს ეროვნული სააგენტო დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ „17 აგვისტოს ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, „ღვარცოფის გავლა“ დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, უწყების გეოლოგებმა „ადგილზე არსებული გეოდინამიკური პირობები შეაფასეს, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.“

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მომზადდება საბოლოო დასკვნა, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება.“