II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2% რუსეთიდან გამოიგზავნა - საქსტატი

საქსტატის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 2.6 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.3 პროცენტისათვის - თურქეთი, 1.0 პროცენტისათვის - ჩინეთი, 1.0 პროცენტისათვის - ბელორუსი, 0.5 პროცენტისათვის - ყაზახეთი.
.
2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისათვის - სომხეთი, 8.5 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი.


2023 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისათვის ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის - იტალია, 6.0 პროცენტისათვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია
წარმოადგენს, 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი, 2.1 პროცენტისათვის - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისათვის - ამერიკის შეერთებული შტატები.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29.6 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 23.6 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14.1 პროცენტი - საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.


სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 57.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15.9 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 12.2 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.8 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24.9 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22.8 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8.7 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5.7 პროცენტი).


2023 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (32.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (19.0 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.6 პროცენტი).


საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6 პროცენტს შეადგენს.

„2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 402 გემი, რომელთა 31.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 30.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 29.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 8.2 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.


2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 48.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 32.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 19.4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.