ბათუმის სათნოების სახლში, სავანეში, კორონავირუსი კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი, რომელიც COVID-19-ისგან განიკურნა, 73 წლის კაცია.
მათივე ცნობით, ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ყველა მათგანი თავშესაფარს დაუბრუნდა.
კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში ამჟამად მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში დადასტურებული ინფიცირების 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში აღირიცხა. აჭარაში ინფექციისგან კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა და 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.