მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ

რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ.

გერმანული გამოცემა Bild-ი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლს, კატარი კი, სპონსორის ფუნქციას შეასრულებს.


ახალი პროექტის ფარგლებში „რუსული მარცვლეულის” მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება, მეტწილად - აფრიკაში. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს.

ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის.


Bild-ის ინფორმაციით, ახალი შეთანხმება უკვე ამ შაბათ-კვირას შესაძლოა,  ბუდაპეშტში გაფორმდეს. უნგრეთში ასევე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩადის.

დღესვე, თურქული პრესა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინას ეწვიოს.