ბორელი: პუტინი აპირებს, მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს და მსოფლიოში მას ისეთი წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს.

ამის შესახებ ბორელმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.


ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებით „თითქმის ყველაფერში შეცდა“, კერძოდ კი, ევროკავშირის ქვეყნების კონტროლის უნარში ენერგოდამოკიდებულების გამო.

„პუტინი აპირებს, პირადი და პოლიტიკური გადარჩენის მიზნით მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია. სწორედ ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება,“ - აღნიშნა ბორელმა.


მან უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკება დადებითად შეაფასა და ამ მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობა აღნიშნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არასდროს იტყვის, რომ რუსეთის მხარდაჭერას ამცირებს ან ხელს შეუწყობს მის დამარცხებას, პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული ვითარებით, ყოველ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის შეხსენებით,“ - განაცხადა ბორელმა.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია.


„უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც „ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი,“ – განაცხადა ბორელმა.