რუსეთი იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა

გუბერნატორ რომან სტაროვოიტის განცხადებით, „რუსეთის კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა.“

მისივე ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა.

„უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა," - წერია გუბერნატორის განცხადებაში.

ადგილზე მობილიზდა სამაშველო სამსახური. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.


  • ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.