განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები 2-წლიანი გაერთიანების შემდეგ კვლავ იყოფიან. დღეს პარლამენტში სწორედ ეს სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივნმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, კულტურისა და სპორტის სამინისტროებში დღეს მოქმედი უწყებიდან 329 შტატი გადავა. ამ 329 შტატიდან კი, დღეს 60 ვაკანტურია.
“თუ არ ვცდები ახალ სამინისტროში გადადის 329 თანამშრომელი. წელს შტატების გაზრდა არ მოხდება, მაგრამ უკვე 2022 წლის ბიუჯეტში თუ იქნება შტატების ზრდა ანალიზიდან გამომდინარე საჭირო და თუ დავინახეთ, რომ სამინისტროში ის შტატები არ არის საკმარისი, რომელიც დამტკიცებულია, ბუნებრივია, ამას უკვე დაემატება შტატები, სახელფასო ფონდიც გაიზრდება. ამასთან, დღესდღეობით, 329 შტატიდან არის 60 ვაკანტური, რომლებიც ფიზიკურად დასაქმებული არ გვყავს და შესაბამისად, ამ 60 ვაკანტური პოზიციის გამოყენებაც მოხდება საჭიროების შემთხვევაში,” - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბექა დოჭვირს მიმართა კითხვით, თუ რა გახდა სამინისტროების გაყოფის მიზეზი, "რამ არ იმუშავა?"
როგორც დოჭვირმა უპასუხა, გაერთიანებული სამინისტროს მართვამ აჩვენა, რომ თითოეული ყოფილი სამინისტროს მართვა სხვადასხვა გამოცდილების მქონე მენეჯმენტს საჭიროებდა, ხოლო მათი გაერთიანებით სტრუქტურის ადმინისტრირება საკმაოდ რთული გახდა.
“გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამხელა სფეროების მართვა, თანაც სფეროების, რომლებიც მენეჯმენტში განსხვავებულ გამოცდილებებს საჭიროებენ, გვაჩვენა, რომ ასეთი ადმინისტრირება არის საკმაოდ რთული. ანუ იმისთვის, რომ ყველა სფეროს სათანადო ყურადღება დაეთმოს, არის საკმაოდ რთული. ეს ხდება იმისთვის, რომ პანდემიაში არსებული გამოწვევების ფონზე კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მეტი მხარდაჭერა და ყურადღება ჰქონდეთ,” - აცხადებს დოჭვირი.
ცნობისთვის, ბოლო დროს მედიაში ვრცელედება ინფორმაცია, რომ განცალკევებული კულტურის და სპორტის მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება.