აზერბაიჯანი უნგრეთში გაზის ექსპორტს ზრდის

ბუდაპეშტმა და ბაქომ ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის მიერ უნგრეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით, ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. მინისტრის თქმით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში უნგრეთი 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.


მან ასევე აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება უნგრეთის რეზერვუარებში 50 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შენახვაზე. სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი ხანია ავითარებს და პოლიტიკური შეთანხმება საშუალებას იძლევა, გაზის მიწოდება მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.


უნგრეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ეკვადორიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ივნისის დასაწყისში უნგრულმა ენერგეტიკულმა კომპანია - MVM CEEnergy-მ და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უნგრეთისთვის 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ 2023 წლის ბოლომდე. სავარაუდოდ, მიწოდება წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ალიევი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება.

სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.