სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

მისი თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.


„ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.

გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი.


მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ მედიასთან.

ნიშნავს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რომელშიც ჩართულია თავად მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება ასეც ითქვას.

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.