კელი დეგნანი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც მალე მისიას ასრულებს, „გულწრფელად იმედოვნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.“

ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არის დემოკრატიის ჩარჩოს შენების პროცესში, რომელიც არის კომპლექსური და უნდა იყოს ძლიერი, მედეგი და დამოუკიდებელი.


„აშშ ძალიან ამაყია, რომ სწორედ ამაში ეხმარება საქართველოს ბოლო 30 წელია. არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის წახალისებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაში, არამედ იმაში, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი, მედეგი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს პროცესი არასდროს მთავრდება, რისი მოწმეებიც ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 247 წელია ვმუშაობთ დემოკრატიაზე და საკეთებელი კიდევ არის.

როგორც ვთქვი, საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა 20-25 წლის განმავლობაში. საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ფოკუსი ერთსა და იმავეზე - მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, არა თავიანთ კერძო ან მცირე ჯგუფის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რაც არის მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, მართალი ხართ, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე - რა სურთ ადამიანებს.“

„საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი - დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.


შეკითხვა: მომავალმა ელჩმა რობინ დანიგენმა ისაუბრა არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობაზე. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი ელჩისთვის არჩევნებთან მიმართებით?

„ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი.

აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე.

ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას.

  • აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არამხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც.

მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს.

ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია - აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.


2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში პროცესი სამართლიანი იყო თუ არა.

არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება,“ - აღნიჩნა ელჩმა.