გიორგი გახარიამ და ბრიტანელმა მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრეს

გაერთიანებული სამეფოს ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში მინისტრი ვენდი მორტონი საქართველოს პერმიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პანდემიის მართვა და სამომავალო გეგმები. ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. განვიხილეთ საქართველოს პოსტ-პანდემიური და უფრო მდგრადი, მწვანე და ძლიერი ეკონომიკური განვითარება”,- განაცხადა ვენდი მორტონმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შავი ზღვის ფართო რეგიონის კონტექსტში და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ასევე აღინიშნა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევები.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა.