ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, მთელ მსოფლიოში, „კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს.“
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.
„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება.
მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.
ასევე წაიკითხეთ: