საქართველოში ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდი დასახელდა

საქართველოში ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თებერვლის ბოლო დაასახელა. მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება, შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები და მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი.

1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ COVAX-იდან გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება და პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან, განაცხადა თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრინციპიდან გამომდინარე, შეიქმნა COVAX-ის პალტფორმა. ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ.

შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი არის ყველაზე რთული ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.