მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 აგვისტოს ღამით ორი თავდასხმის დრონი ჩამოაგდო.
განცხადებები მოჰყვა ცნობებს იმის შესახებ, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის გამოც მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა.
სობიანინმა თქვა, რომ ერთი თვითმფრინავი კრასნოგორსკის თავზე, მეორე კი ჩასცის მახლობლად ჩამოაგდეს.
სობიანინის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებშიც ასახულია ნამსხვრევების შედეგად მიყენებული ზიანი.
მედიის ცნობით, კრასნოგორსკის თავდასხმამ სამთავრობო შენობის მახლობლად მდებარე 25-სართულიან კორპუსი დააზინა.
იტყობინებიან, რომ აფეთქებამ ჩაამსხვრია მინები და დააზიანა მანქანები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმებში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორი უპილოტო თვითმფრინავი ბრაიანსკის ოლქის თავზეც მოიგერიეს.
მანამდე, 21 აგვისტოს დილით, რუსეთმა განაცხადა, რომ „მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა.“ მეორე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების რიცხვი იზრდება.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.