პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც ვადაგასულ შოკოლადებს ჰყიდდნენ - საგამოძიებო სამსახური

ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ის რეალიზაციის მიზნით, თბილისის სავაჭრო ქსელში მიჰქონდათ.


„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს.

გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე ვადით,” - ნათქვამია ინფორმაციაში.