ბელარუსმა ოპოზიციონერმა, მარია კოლესნიკოვამ, ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ბელორუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა მარია კოლესნიკოვამ უარი განაცხადა ალექსანდერ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში. ამის შესახებ კოლესნიკოვას ადვოკატმა ალექსანდრე პილჩენკომ განაცხადა.

10 ოქტომბერს ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში ბელარუსის დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა.

მისი თქმით, 9 ოქტომბერს, ჟოდინოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, "ორი სიმპათიური მამაკაცი" მივიდა კოლესნიკოვასთან და შესთავაზა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე წასვლა. მან მათ უთხრა, რომ ლუკაშენკოსთან კომუნიკაციას აზრი არ ჰქონდა. კოლესნიკოვას თქმით, ოპოზიციამ ლუკაშენკოს თვენახევრის წინ მოუწოდა ძალადობა დასრულებულიყო, თუმცა ახლა "ყველანი ციხეში არიან ან ქვეყნიდან არიან გაძევებულნი".

17 სექტემბერს კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური აქციები დაიწყო. ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ არჩევნებში გაიმარჯვა. საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ან დაპატიმრებულები არიან, ანდა ისინი იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში.