რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას შესახებ საუბრისას ამბობს, რომ „საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა“.
გავრილოვი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს.
„მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე, 100%-იანი სიცრუის, ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი, სტუმართმოყვარე და მეგობრული ქვეყნის, მეზობლების თვალში“, - აცხადებს რუსი დეპუტატი.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს, თუმცა ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.
გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.
20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.