მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა

კრემლის გავლენისგან თავისუფალი რუსული მედიასაშუალება Meduza წერს, რომ BRICS-ის მთავარი სამიტის წინ გამართულ ფორუმზე პუტინის ვიდეომიმართვა გადაიცა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი გახმოვანებული იყო.

მედიის ცნობით, ჟურნალისტებისთვის გაურკვეველი დარჩა, რა გახდა ამ უცნაური პრეცედენტის მიზეზი.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმართვის ორიგინალი ვერსიაა ატვირთული.


როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა BRICS-ის სამიტზე დასწრებაზე და მის ნაცვლად იოჰანესბურგში სერგეი ლავროვი ჩავიდა. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.