მიხეილ სარჯველაძე მედვედევის განცხადებაზე: ვერ შევურიგდებით ოკუპაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას. სარჯველაძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური.


„საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური.


აქედან გამომდინარე ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი," - განაცხადა სარჯველაძემ.


კითხვას, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალური განცხადების გავრცელებას, სარჯველაძე პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან.

"მთლიანად, მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ახლა მაშინ გავაკეთო განცხადება და ყველას სახელით ვთქვა, უკლებლივ ყველასი და ყველასგან, ვისაც შესაძლებლობა მიეცემა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ ვინც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას - კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან," - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ვერავინ გამოკვეთს, რომ ხელისუფლებას მსგავს განცხადებებთან შემრიგებლური დამოკიდებულება აქვს.


რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს. რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.